სავარდო და სამაისო ქუთაისი... ჯაჭვის ხიდი... გასცდები თუ არა მას ბუნების შეუზომელი სილამაზე იშლება შენ თვალწინ, ჭომის ფირუზთვალა ცა,ჭადრების გრძელი ხეივანი, ტანბროლა რიონი, ლურჯი ცის ხასხასა მდელოში ჩაკარგული 26-ე საჯარო სკოლა „მწვანე ყვავილას“ პანთეონს რომ გასცქერის. მომავლის დაცვა და მოპატრონება წარსულის ცოდნის გარეშე ვერაფრით მოხერხდება. ეს ისეთი ჭეშმარიტებაა და თან იმდენად ძლიერი, რომ გაიძულებს ჩაჰყვე მის ნებას და 26-ე საჯარო სკოლის დაარსების ისტორიას 1926 წლიდან მიადევნო თვალი.
სწორედ 1926 წელს ლესელიძის ქუჩის მე-2 ჩიხის #13-ში(ახლანდელი ლესელიძის V შესახვევი, #33) მდებარე საჯარო ბიბლიოთეკის #23 საქალაქო ფილიალის შენობაში დაარსდა ოთხწლიანი დაწყებითი სკოლა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ჭომის დასახლების მცხოვრებთათვის, გაჩნდა შესაძლებლობა დაწყებითი განათლების მიღებისა, რაც უბნის ინტელექტუალური წინსვლის პირობას ქმნიდა თვითონ დასახლებაში. საჯარო ბიბლიოთეკის აღნიშნულ შენობაში მხოლოდ ორი ოთახი იყო მოწყობილი სასწავლო პირობების შესაბამისად. ერთ ოთახში სწავლობდნენ I-IV კლასის მოსწავლეები, ხოლო მეორე საკლასო ოთახში II-III კლასის მოსწავლეები. სკოლას “ჭომისა“ და „რუის“ სკოლას ეძახდნენ თურმე, ნუმერაციით კი ქუთაისის მე-12 დაწყებითი სკოლის სტატუსი ჰქონდა. სკოლის პირველი დირექტორი იყო მიხეილ ბახტაძე. სკოლაში ასწავლიდა მღვდელი პარმენ ებანოიძე.
1934 წლიდან სკოლა სხვა შენობაში გადადის და იქ აგრძელებს ფუნქციონირებას. ახალი სამკვიდროც ლესელიძის ქუჩაზე იყო. ჭომაში ექიმების სიმონ და რეზო ხეჩინაშვილების წინაპრებს საზაფხულო აგარაკი, რეზიდენცია ჰქონდათ. აგარაკის მდებარეობა არაჩვეულებრივი ბუნებრივი პირობების გამო მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. (ხეჩინაშვილების შტო წარმოშობით ექიმები იყვნენ) 1921 წელს ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ხეჩინაშვილებს აგარაკი ჩამოართვეს. სწორედ ამ შენობაში აგრძელებს არსებობას ზემოთ ნახსენები ოთხწლიანი დაწყებითი სკოლა. სკოლას სათავეში ედგნენ: ილია დათაშვილი და ვერა ნიორაძე. სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ პედაგოგები: მარიამ კანდელაკი(დაწყებითი კლასები), გოგოლა აბულაძე, ოლია დათაშვილი, ნადეჟდა ტულნოვსკაია. სკოლის ნუმერაციაც შეიცვალა. იგი უკვე ქუთაისის 26- ე სკოლად იწოდებოდა. 1954 წელს სკოლას მეხუთე კლასიც დაემატა. „ჩემი 26-ე სკოლაში მისვლა პედაგოგად მეხუთე კლასის გახსნას უკავშირდება“_ იხსენებს ინგლისური ენის მასწავლებელი ჟოზეფინა ტვილდიანი. ამ დროისათვის უკვე სკოლის დირექტორია შოთა სულავა. იგი ჯერ მე-12 დაწყებითი სკოლის მასწავლებელია, შემდეგ სკოლის გამგე, ხოლო 1952 წლიდან 26-ე სკოლის დირექტორი იყო გარდაცვალებამდე. 1955 წელს აღნიშნული სკოლა ახალ სტატუსს იღებს, იგი რვაწლიან სკოლად გადაკეთდა. გაიზარდა სკოლაში მომუშავე პედაგოგთა რიცხვიც. ქალბატონი ჟოზეფინა(ინგლისური ენის პედაგოგი) საუბარში რამდენიმე მათგანს იხსენებს: მერი მორჩაძე, უშანგი გუბელაძე, ჟოზეფინა ჭიჭინაძე, ციალა კობახიძე.სასწავლო ნაწილის გამგე იყო ღირსეული, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი აბესალომ ბალანჩივაძე.
1955 წლიდან 1964 წლამდე 26-ე რვაწლიანი სკოლა ზემოთ ნახსენებ სააგარაკო სახლში აგრძელებს მუშაობას. გაჩნდა შესაძლებლობა რვაწლიანი სკოლის საშუალო სკოლად გადაკეთებისა და ახალი სტატუსის შეძენისა. საჭირო იყო ახალი შენობაც, რომელიც საშუალო სკოლისათვის არსებულ მაშინდელ სტანდარტებსაც დააკმაყოფილებდა და უბნის მოთხოვნასაც. ისევ ჭომაში, ბოტანიკური ბაღის მახლობლად, აიგო სამსართულიანი შენობა, ყველა საჭირო პირობის დაცვით და 1964 წლის პირველი სექტემბრიდან 26-ე საშუალო სკოლა უკვე ახალ შენობაში იწყებს ფუნქციონირებას. აღნიშნული სკოლა ლესელიძის ქ. #4-ში მდებარეობს დღესაც უკვე 50 წელზე მეტია.
1955 წლიდან 1964 წლამდე 26-ე რვაწლიანი სკოლა ზემოთ ნახსენებ სააგარაკო სახლში აგრძელებს მუშაობას. გაჩნდა შესაძლებლობა რვაწლიანი სკოლის საშუალო სკოლად გადაკეთებისა და ახალი სტატუსის შეძენისა. საჭირო იყო ახალი შენობაც, რომელიც საშუალო სკოლისათვის არსებულ მაშინდელ სტანდარტებსაც დააკმაყოფილებდა და უბნის მოთხოვნასაც. ისევ ჭომაში, ბოტანიკური ბაღის მახლობლად, აიგო სამსართულიანი შენობა, ყველა საჭირო პირობის დაცვით და 1964 წლის პირველი სექტემბრიდან 26-ე საშუალო სკოლა უკვე ახალ შენობაში იწყებს ფუნქციონირებას. აღნიშნული სკოლა ლესელიძის ქ. #4-ში მდებარეობს დღესაც უკვე 50 წელზე მეტია.
სკოლის დირექტორები
სკოლის დირექტორები-26-საჯარო სკოლა 1952 წლიდან არსებობს. მისი პირველი დირექტორი იყო შოთა სულავა. მაშინ 26-ე სკოლა სხვა შენობაში, იმავე ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობდა. შოთა სულავა პროფესიით ისტორიკოსი იყო. მან ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1951 წელს დაასრულა. იმავე წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის მე-12 დაწყებითი სკოლის ჯერ ისტორიის მასწავლებლად. (ეს ის დაწყები-თი სკოლაა, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე მე-2 ჩიხის #13-ში მდებარეობდა) შემდეგ ინიშნება მე-12 დაწყებითი სკოლის გამგედ, ხოლო 1952 წლიდან ქუთაისის 26-ე სკოლის დირექტორი იყო გარდაცვალებამდე. სკოლა ჯერ ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ხეჩინაშვილების სააგარაკო სახლში იდებს ბინას. იგი ჯერ ოთხწლიანი სასწავლებელი იყო. ბატონი შოთას ხელმძღვანელობისას ჯერ რვაწლიან სკოლად გადაკეთდა, შემდეგ საშუალო სკოლის სტატუსი მიიღო და საგანგებოდ სკოლისათვის აგებულ შენობაში,ლესელიძის #4-ში გადავიდა. ბატონი შოთა,როგორც თავმდაბალ, ენერგიულ, გულისხმიერ, საქმის ერთგულ ადამიანად შემორჩა თანამშრომელთა და კურსდამთავრებულთა მეხსიერებას.
26-ე საშუალო სკოლის დირექტორები 1973-1984 წლებში იყვნენ: ტიტე ხაბურძანია (1973-1975წწ), ნოდარ მელქაძე (1975-1977წწ), ლონგინოზ ზედაშიძე (1977-1980წწ), ჯემალ ფაჩუაშვილი (1980-1984წწ). თითოეულს დიდი სიყვარულითა პატივისცემით იხსენებენ 26-ე სკოლის პედაგოგები: იზო ჩომახიძე, ჟოზეფინა ტვილდიანი, ლამარა მინაძე, ეთერ ხეცურიანი. მათი მონათხრობი ხელმძღვანელთა როლისა და მნიშვნელობის განზოგადებისა და შეფასების შესაძლებლობას ქმნის. „პედაგოგთა კოლექტივის მართვა იოლი საქმე სულაც არ არის. ზოგადად ადამიანები ხომ ხასიათის თავისებურებებით გამოვირჩევით, მაგრამ ბატონ ტიტეს არასოდეს უჭირდა თანამშრომლებთან საერთო ენის გამონახვა“ - ჰყვება ტიტე ხაბურძანის შესახებ ჟოზეფინა ტვილდიანი. თითოეულმა ხელმძღვანელმა თავისი მოწიწებული წვლილი შეიტანა იმ საქმეში, რასაც მოსწავლე-ახალგაზრდობისა და პედკოლექტივის მესაჭეობა ჰქვია.
1984 წლიდან 2005 წლამდე 26-ე სკოლას ხელმძღვანელობდა დაუღალავი, უსაზღვრო ერთგულებისა და საქმისადმი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით აღსავსე ქალბატონი ნანული სულავა. ბავშვობიდანვე დაჰყვა ქალბატონ ნანულის სკოლის სიყვარული, რადგან მისი მამა, ბატონი შოთა სულავა, ქუთაისის 26-ე სკოლის დირექტორი იყო (1952-1973წწ). სასკოლო მოღვაწეობა ქალბატონმა ნანულიმ, როგორც ბიბლიოთეკის გამგემ დაიწყო ამავე სკოლაში. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი 26-ე სკოლაში რუსულ ენას ასწავლიდა. 1980 წელს ქალბატონი ნანული სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ გადაიყვანეს, ხოლო 1984 წელს 26-ე საშუალო სკოლის დირექტორად დაინიშნა. მას განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა აქაურობასთან, არა მარტო თავისი პედაგოგიური საქმიანობიდან გამომდინარე. ქალბატონი ნანული ჭომაში გაიზარდა, ამ უბანს სისხლხორცეულად დაუკავშირდა მისი ცხოვრებისეული გზაც, არაერთი თაობის აღმზრდელი, დამფრთიანებელი, მუხლჩაუდგმელად მზრუნველი. რაც შეეძლო ყველაფერს უხვად გასცემდა, სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა, რადგან მისი სხოვრებისეული არჩევანი სხვათა მომავლის მოპატრონება და სწორი გზის ჩვენება იყო.
2007 წლიდან 2014 წლამდე სკოლას ხელმძღვანელობდა ბატონი ზვიად ჯიჯელავა. ახალგაზრდა, ენერგიული მუშაკი. იგი დაკისრებულ საქმეს პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ეკიდებოდა.
სკოლის დღევანდელ ცხოვრებას წარმართავს ქალბატონი ვარდო უგლავა. მისთვის აქაურობასთან დამოკიდებულებას სხვაგვარი ელფერი დაჰკრავს. ქალბატონი ვარდო ჯერ,როგორც პედაგოგი აქ ეზიარა სულთა სამჭედლოს მომხიბვლელ ცხოვრებას. 2005-2007 წლებში დირექტორობდა სკოლას და ახლაც ღვთიური ნებითა და განგებით კვლავ დაუბრუნდა დიდებულებით მაცქერალ კედლებს, რომლებიც გაჟღენთილია მოსწავლეთა სურნელითა და კიჟინით, სასიამოვნო ჟრიამულით.
სკოლის ხელმძღვანელობა დიდ ორგანიზატორულ ნიჭთან ერთად ურთიერთობების ხელოვნების სადავეთა ფლობასაც ნიშნავს, ზნეობრივად უკომპრომისო, სხვათა ნაფიქრ-ნაღვაწის ქომაგი და დამფასებელი, ქალბატონი ვარდო, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს თანამშრომელთა გულში.
წარსულის მაჯისცემა
მასწავლებლობა ყველაზე ძნელი და ყველაზე დიდი საქმეა. მასწავლებლობა ნიჭია-მასწავლებლად უნდა დაიბადო და შემდეგ ამ ნიჭს მუხლჩაუხრელი შრომაც დაუმატო, ბავშვებს რომ შეუყვარდე და დაგიჯერონ. მრავალი ადამიანის სიარგე, მრავალთა შინაარსიანი და ნათელი სიცოცხლე, სწორედმასწავლებლის ღვაწლითაა მადლმოსილი, ამადაცაა სანუკვარი ბავშვობის ხანა. მართლაცდა ძნელია დაივიწყო მასწავლებელი, რომელმაც პირველად დაგაწერინა „აი ია“, პატარა ათრთოლებულ თითებს უჩინარი ძალა შემატა და გაუწაფავი ხელით აცაბაცა გამოყვანილი ასოებიც თანდათან გასწორდნენ, გამართულად გამოინაკვთნენ.....დაიწყო რაღაც უჩვეულო შენს ცხოვრებაში და ეს ახალი ბუნებრივად, განუყრელად დაუკავშირდა მოსწავლის თავთან დახრილი მასწავლებლის სახეს, სიტყვებს. „აი ია-ს“ სილამაზე, მისი სილბო, ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში საგზლად მიჰყვება ადამიანს, იმ მასწავლებლის სახესთან ერთად, რომელმაც მის სათუთ ხელებს ძალა მიანიჭა ბგერათა მოსახაზად.
პირველი მასწავლებელი... ვისიც ყველაზე მეტად გჯერა, ვინც გეიმედება. 26-ე სკოლაში დაწყებით განათლებას გადასცემდა პატარებს ცუცა მასწავლებელი, ქალბატონი (მარიამ) ცუცა კანდელაკი. მან მომავალი თაობის სამსახურში ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა. განსაკუთრებული პედაგოგიური ალღოთი გამოირჩეოდა, თორემ სხვაგვარად რთულია სიცოცხლის დიდი ნაწილი სხვათა აღზრდას შეალიო. თუ ღირსეული არა ხარ, არც მოგცემენ ამის უფლებას, ყველაზე მეტად ხომ პატარები გრძნობენ, იგებენ ჭეშმარიტ ზრახვებს, სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით იხდიან მერე სამაგიეროს თავისებურად. ასეთი სიყვარული და ღრმა პატივისცემა მიიღო ცუცა მასწავლებელმა სანაცვლოდ მომავალთაგან. მათ ხსოვნასა და მეხსიერებაში სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი. არც ინგა ბოჭორიშვილს, რაისა ელიგულაშვილს, დარიკო ლეშკაშელს, თამილა დათიაშვილსა და ეთერი ასათიანს დაივიწყებენ აღზრდილები. წინამორბედთა კვალდაკვალ დაწყებით კლასებში ათასობით სიცოცხლეს მეგზურობენ: მადონა ჩოგოვაძე, მაკა ყიფიანი, მირანდა დალაქიშვილი, ირმა კიკალიშვილი, ელისო მამასახლისი.
ყოველი დიდი საქმე სპეტაკმა თაობამ შეიძლება დაძლიოს. იმ თაობამ, რომელიც სკოლის მერხს უზის, რადენიმე წლის შემდეგ კი თამამად ჩაუდგება სათავეში სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეო საქმეს. ეს კარგად იცოდნენ ჩვენმა პედაგოგებმა, ამიტომ ისინი არა მარტო ამა თუ იმ საგანს, არამედ ზნეობასაც ასწავლიდნენ. ქალბატონი ჟუჟუნა ვაშაკიძე (ბიოლოგია) უაღრესად თბილი, ინტელიგენტური თვისებებით აღჭურვილი, დანახვისთანავე პატივისცემას რომ იწვევდა ირგვლივ მყოფთ შორის. ამოუწურავი ცოდნა ჰქონდა და ეს განაპირობებდა მისადმი დამოკიდებულებას, თანაც მას ძალიან უყვარდა თავისი მოსწავლეები.
26-ე სკოლის განუყრელი ნაწილნი არიან: ჟოზეფინა ჭიჭინაძე (მათემატიკა), ჟოზეფინა ტვილდიანი (ინგლისური ენა), ნანული სულავა (რუსული ენა), იზო ჩომახიძე (რუსული ენა), ლამარა მინაძე (ქართული ), ეთერი ხეცურიანი (ქართული), ციალა კობახიძე, ნუნუ ჯაშიაშვილი, ზეინაბ ძნელაძე, (ფიზიკური აღზრდა) ლალი კიბაბიძე, (დაწყებითი) ლალი მამრიკიშვილი (ქართული ენა და ლიტერატურა), ჟუჟუნა ვაშაკიძე (ბიოლოგია), ციალა დვალი (დაწყებითი), ნუნუ მეფარიშვილი (მუსიკა), ციცო ზარკალიანი (მუსიკა), ნარგიზა ბუცხრიკიძე(მუსიკა), მანანა ქობულაძე(შრომითი სწავლება), თამილა დათიაშვილი, (დაწყებითი), ინგა ბოჭორიშვილი (დაწყებითი) როლეტა კიკაჩეიშვილი (შრომითი სწავლება) ლენა ფრუიძე (გეოგრაფია) მალუზა მეგენეიშვილი (ისტორია).
მადლობა მათ, განვლილი ცხოვრების გზისათვის, ცხოვრების წესისა და მოღვაწეობისათვის. მათი უცნაური სითბოთი შეკავშირებული კოლექტივისათვის ეს გზა იყო სიხარულითა და ამავე დროს ტანჯვა-წამებით აღსავსე. ჩვენი ქვეყნის ძნელბედობის ჟამს თავიანთი მხრებით ზიდეს სულიერი წინამძღოლის, ზნეობრიობის მაგალითის მაჩვენებელთა მძიმე ტვირთი, მაგრამ მათი სულიერება არ იძლეოდა იმის უფლებას სიკეთის გზის გარდა სხვა გზით რომ ევლოთ.
ქალბატონი ჟოზეფინა ჭიჭინაძის (მათემატიკა) პედაგოგიური სამსახურის ჯილდო ის ღირსების ორდენია, რომლითაც იგი ქალაქის ხელმძღვანელობამ დააჯილდოვა. მათ მომავალი თაობის სულში ადამიანობის ის ძვირფასი ყლორტები გაახარეს, რომლებსაც პატიოსნება, სიკეთე, ერთგულება, შრომის სიყვარული, თავმდაბლობა, სათნოება, და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, სამშობლოს სიყვარული ჰქვია. მათი მთავარი მიზანი ხომ ბავშვის ადამიანად აღზრდა იყო.
26-ე სკოლას არ შეუძლია დაივიწყოს ლიანა ხაჭაპურიძე (ფიზიკა), მას გულნარა მასწავლებლის სახელით იხსენებს სკოლა, უბანი, ყველა აღზრდილი. ქალბატონი, რომლის მიზანი, ცხოვრების მთავარი აზრი სკოლა, სკოლისადმი უანგარო, თავდადებული სამსახური იყო, ოთხი ათეული წლის განმავლობაში თავგამოდებული მზრუნველი, დარაჯად ედგა მომავალთა სიკეთეს, ადამიანობას. მარტო კლასში კი არა ყველგან მასწავლებელი იყო.
ყველა ოცნების ახდენას სკოლაში ეყრება საფუძველი. ადამიანის ნიჭისა და გენიის ახალ-ახალი წარმატებებისაკენ მიმავალი გზა-სკოლის მერხიდან იწყება. ამ გზის სათავეში იდგნენ,აგრეთვე, პედაგოგები: ვენერა ქებულაძე(მათემატიკა), ავთო ქურასბედიანი (მათემატიკა), ჯუმბერ დოლიძე (ინგლისური ენა), უშანგი გუბელაძე (გეოგრაფია), სეითი სადილიანი, თენგიზ მოწონელიძე, ციალა დვალი(დაწყებითი), ლენა ფრუიძე (გეოგრაფია),მალუზა მეგენეიშვილი (ისტორია), მაგული ორმოცაძე.
ისტორიად ქცეული წარსული: 26-ე სკოლაში ფუნქციონირებდა მუსიკალური სტუდია (შვიდწლედი). სტუდიის გამგე იყო არაჩვეულებრივი პედაგოგი, სათნო, ლაღი ნარგიზა ბუცხრიკიძე. მოსწავლეებს ხელოვნების განუმეორებლობას აზიარებდნენ პედაგოგები: ნათელა ჩიხლაძე, ციცო ველიაშვილი, ციცო ზალკალიანი, ნუნუ მეფარიშვილი.
სკოლაში მუშაობდა ქორეოგრაფიული სტუდია, რომელშის ქალაქში ცნობილი ქორეოგრაფები წარმართავდნენ მეცადინეობას: ჯუმბერ ფილია და გოგი ჭუმბურიძე.
მომავალი თაობა არის წარსულის ტრადიცია, ამავე დროს შეუჩერებელი და უწყვეტი დუღილი მომავლისაკენ. ამ სწრაფვას, ამ დუღილს ისევე ვერაფერი შეაჩერებს, როგორც დედამიწის ბრუნვას. ამ წრებრუნვის შედეგია ის, რომ დღეს 26-ე საჯარო სკოლაში აღზრდილი მოსწავლეები, ახლა უკვე პედაგოგები თავად წარმართავენ სასწავლო პროცესს: ბადრი მანაგაძე, იზოლდა ტყეშელიაძე, მარინა გუგავა, მირანდა დალაქიშვილი, მაკა ყიფიანი, ირმა კიკალიშვილი, თამილა ობოლაძე, ქეთინო მაწკეპლაძე. ისინი ქედს იხრიან თავიანთი სკოლისა და პედაგოგების წინაშე, აწინდელი საქმიანობით უცხადებენ თავიანთ სათქმელს:“ ასეთი სიყვარულის ახსნა შეუძლებელია და იქნებ არც არის საჭირო, რადგან სიყვარულის ბოლომდე ახსნა შეუძლებელია, სიყვარულს ბოლო არა აქვს და, შესაძლოა, სწორედ აქ არის მისი აუხსნელობის ღვთაებრივი საიდუმლო“ - აცხადებს ქალბატონი მარინა გუგავა და ამ სიტყვებით დანარჩენთა გულისნადებსაც გვიმხელს.
სკოლის ცხოვრებას უჩინარი შემოქმედნიც ჰყავდა. მათ გარეშე წარმოუდგენელია ზოგადად სასკოლა. სააღმზრდელო ცხოვრებას სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა გარჯაც სჭირდება, რომელთა ღვაწლიც პირდაპირ არ უკავშირდება საგაკვეთილო პროცესს. სკოლის საქმეთა მმართველი, ლაბორანტი ეთერი ნემსიწვერიძე, სკოლის მაჯისცემის მოყურიადე ცოცხალ მატიანედ ქცეულა. თვალებზე ცრემლს ვერ იშორებს, როცა წარსულში მოგზაურობა უწევს.“მე იქ, სკოლაში, აღმოვაჩინე მეგობრობის, თანადგომის ფასი, იყო იმედგაცრუებაც, მაგრამ ადამიანობა სჯაბნიდა ყოველთვის უკეთურობას და სიყვარულის ზეიმით რთავდა ჩვენს ცხოვრებას“__იხსენებს იგი. სკოლაში არსებულ ბიბლიოთეკას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მაგული ქუთათელაძე. მან მოახერხა და თვალისჩინივით მოფრთხილებული მემკვიდრეობა გადასცა შემცვლელებს. უნდა გავიხსენოთ სოკრატ გუგავა, სკოლის სამნეო ნაწილის გამგე. გულისხმიერი მუშაკი, რომელიც უპირველეს მოვალეობად თვლიდა ღირსეულ სამსახურს და ღირსეულადაც აღასრულა ვალი მასზე დამოკიდებული.
სკოლის მაჯისცემა დღეს კიდევ უფრო ძალუმად ძგერს, დანატოვარს გაფრთხილება სჭირდება, იმაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ უფრო საინტერესო მოგონებებით შეივსოს სკოლის მატიანე.
26-ე საჯარო სკოლაში ამჟამად სასწავლო პროცესს წარმართავს ქალბატონი ნანა აბულაძე.
ღირსეულად უნდა ვატაროთ მასწავლებლის წოდება, რადგან არ არსებობს უფრო დიდი და საპატიო მისია ვიდრე მაჯას უსინჯავდე, სულში სიკეთეს უღვივებდე მომავალ თაობას.
No comments:
Post a Comment