ჭომის შესახებ

                                                                      ჭომა
ახლაც მოგესმის,
ახლაც მოგესმის,
თითქოს ეს წუხელ გქონდეს ნახული;
პირველ სინათლეს რთავს რიონჰესი,
არის ზეიმი მართლაც ხალხური.

სუფრულს მაყრული მისდევს ჰაერში,
მაყრულს-რანუნი, რანუნს-ოდელი;
ჩასტუმრებული ვართ ქუთაისში,
შუაღამემდე ქუხს ,,გრანდ-ოტელი’’.

ნაშუაღამევს ატყდა ჯიქია:
-არ მინატრიხართ ფიცხელ შრომაში,
ახლა ვილხინოთ, როგორც რიგია,
ერთიც ქართულად დავსხდეთ ჭომაში.

და ლურჯ ფილაქანს ასწყდა კარეტა:
ჭომას ფხიზელი გვყავს მამობილი...
და ალავიძის დუქნის კარებთან
მიწას დააკვდა ავტომობილი.

გამოგვეგებენ ნათელ ღიმილით,
თითქოს ჯერ ძილი არ უთმენიათ;
ხმელ ლაფაროში დაკლეს ფრინველი,
მწვადი დაუდეს ამ უთენია.

მოლეულიყო უკვე ეკალა,
ვარცლზე ვერცხლისფრად ეწყო ჭანარი;
მზეს ჯერ დღე-ღამე არ გაეყარა-
მარგილზე ენთო შუშის ფანარი.

ჯერ ფრთას ბინდბუნდად,
გაუღვიძებლად,
შლიდა გუმათი,შლიდა სორმონი...
და ბრმა მეარღნემ ჩვენს სადიდებლად
დახლთან დაგუდა ,,740’’.

და რომ რიონჰესს უხვად აფენდა
ვარდს,იაშვილის სიტყვა ფერადი,
წითლად გათენდა,
წითლად გათენდა,
თეთრად დაგვადგა თავზე გელათი.


წამოვიშალეთ
და ამ ნათელში
ლხინზე კელაპტრად რომ დაგვენათა,
ერთხმად დავლოცეთ
ჯვართან-ზაჰესი
და რიონჰესი-
ბებერ გელათთან.

ჩამოგვიქროლეს ძველმა ლანდებმა,
წინ ჩაგვიგორეს ბედის ბორბალი
და რიონჰესის ფუძის დამდებმა
თქვა ძველ ოსტატთა შესანდობარი.

რა ხნისა,
რა ხნის ხარ,
რა წლის, რამდენის?
ეს კვლავ შენა ხარ?
ეს კვლავ შენა ხარ?
ისევ ჯანმრთელი, ისევ ტანმრთელი,
შენ კვლავ ჭომასთან დგახარ ხელახლა.

ისევ რიონის ზეცა წარმტაცი,
ისევ იმ მთების მწვანე ლახვარი,
კვლავ გაზაფხულის ფერი ათასი,
ბგერა ათასი ახალ-ახალი.
და უსმენ...მაგრამ დანატრებული
ხმები,ის ხმები არსით მოგესმის...
მხოლოდ იმ ღამით განათებული
ბებერ გელათთან დგას რიონჰესი.

                                                      (ი. აბაშიძე)





ჭომის ისტორია


      ჭომა საუკუნეების განმავლობაში ყოფილა ჩვენი ქალაქის დაუსახლებელი უბანი, ტყით დაფარული ტერიტორია, სადაც თავს აფარებდნენ იმერეთისათვის დამახასიათებელი გარეული ცხოველები.
     მე-12 საუკუნეში აქ მდინარე რუას სამკურნალო წყალი იქნა აღმოჩენილი, რამაც თანდათან მიიზიდა მოსახლეობა. წყლის სამკურნალო თვისებების აღმოჩენა გახდა საბაბი იმისა,რომ ტყით დაფარული ტერიტორია დასახლებულიყო.
      ეს ტერიტორია ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ყოფილა დაუსახლებელი, ამას ადასტურებს „საქუთათლოს საყდრის საგადასახადო ბეგრების“ 1578 წლის დროინდელი ისტორიული დოკუმენტი, სადაც გარკვევითაა მინიშნებული, რომ ჭომის ტერიტორიაზე გაშენებული იყო საბეგარო საყანეები, ახოები და სხვა. მაგრამ ერთი კომლიც არ ცხოვრობდა.
     როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, მე-16 საუკუნის 90-იან წლებში აქ გამოჩენილა მხოლოდ ერთი საბეგარო ყმა თუთბერიძე. ზემოხსენებულ საბუთში ამის შესახებ ვკითხულობთ: „ერთი მოსახლე თუთბერიძე სადეკანო ყმა არის ღვთისმშობლის საყდრისო“. ასეთი მდგომარეობა ჭომაში გაგრძელებულა დაახლოებით მე-18 საუკუნის ბოლომდე.
     ჭომის ტერიტორია განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან, როცა აქ გახშირდა მოსახლეობა და გაყვანილ იქნა რაჭა-ლეჩხუმისაკენ მიმავალი საჭაპანო-სამიმოსვლო გზა. თავისი ლამაზი მდებარეობით ჭომა ამ დროიდან მცხოვრებლებსაც იზიდავდა და მნახველსაც ხიბლავდა. მისი მნიშვნელობა ქუთაისისათვის უფრო ცხადი შეიქმნა მაშინ, როცა ქალაქი ქუთაისი 1846 წლიდან საგუბერნიო ცენტრი გახდა.
     საინტერესოა საიდან წარმოდგება სიტყვა „ჭომა“. ფორმა „ჭომა“ დაცულია მე-16 საუკუნის საისტორიო საბუთში.“არის ჭომას რუას პირს დიდი ცაცხვი“, „არის ჭომას სამოდო პარტახები და ადგილები“. ტერმინის „ჭომა“ მნიშვნელობის ახსნა გადაჭრით ძნელია. საფიქრებელია, რომ „ჭომას“ სვანური ან ზანური წარმოშობა ჰქონდეს, ძველთაგანვე აქ რომ ჭაობი („ჭენჭყო“) ადგილი ყოფილიყო, მაშინ პირვანდელ ფორმად „ჭაობას“ მიიჩნევდნენ, ან ჭომას დაუკავშირებდნენ სვანურ „ლეჭუმას“, ზანურ „ჭვიმას“ და ქართულ „წვიმას“, რომლის დიალექტური ვარიანტებია „წუმა“ და „ჭუმა“. ჭომის ეტიმოლოგიისთვის ძალზე საყურადებოა ცნობილი ზემო იმერული სიტყვა „ჩომა“, რაც პირუტყვს ნიშნავს. ამასთან საყურადღებოა მასალები „საქუთათლოს საყდრის საგადასახადო ბეგრების“ 1578 წლის ისტორიული დოკუმენტებიდან, სადაც გარკვევითაა მინიშნებული, რომ ჭომის ტერიტორიაზე გაშენებული იყო საბეგარო საყანეები, ახოები და სხვა.
      ამდენად, რადგან აქ ადრე იყო ახოები, ე.ი. საბალახოები, რა თქმა უნდა, ბუნებრივიცაა, აქ ჰყავდათ საქონელი, რომელიც ზემო იმერული გამოთქმით „ჩომად“ იყო წოდებული. დროთა განმავლობაში სიტყვა „ჩომა“ მოსახლეობის მიერ შეცვლილ იქნა ჭომად და ამ უბანს მიეცა სახელწოდება ჭომა. ჭ და ჩ მსგავსი ბგერებია. ჭომა მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დასახლებას ეწოდება. ქალაქიდან ჭომამდე ორი ვერსია. ხსენებული უბანი მოიცავს ტერიტორიას ჯაჭვის ხიდიდან ქვატაფამდე.
        ჭომაში გასასვლელად ქალაქიდან მდინარე რიონზე გაკეთებული იქნა ხიდი, რომელიც „ჯაჭვის ხიდის“სახელწოდებითაა ცნობილი. მას მეორე სახელად „ზუბოვის ხიდსაც“ ეძახდნენ. იქ, სადაც, ახლა ჭომასთან მისასვლელი ახლად რესტავრირებულიხიდია, ადრე ყოფილა ოთხვერშოკიანი სიმრგვალის ჯაჭვზე დამაგრებული ხიდი, სიგრძით 12 საჟენი. როგორც 1868 წლის გაზეთი „დროება“ იტყობინება, მისი მშენებლობა დამჯდარა 3000 მანეთი და იგი განკუთვნილი ყოფილა ფეხით მოსიარულეთა და მსუბუქი ეკიპაჯისთვის. ხიდის ამტანობა უდრიდა 600 ფუთს.
        1869 წლის იანვარში ამ ხიდზე ღამით შემდგარა ქ. თბილისიდან მომავალი 4 საბარგული ოთხცხენა. მძიმე ტვირთის გამო ხიდის საყრდენი ჯვარი გამწყდარა და შემზარავი ხმაურით ჩავარდნილა მდინარე რიონში. საბარგულის ქუჩერებიცა და მგზავრების ცოცხლები გადარჩენილან. ცხენები კი დაღუპულან. ამ შემთხვევის შემდეგ ჭომაში გადასასვლელი ეს ხიდი კაპიტალურად აღუდგენიათ.
      ჭომის მთავარ მაგისტრალს ლესელიძის ქუჩა წარმოადგენს მისი მიმდებარე ქუჩებითურთ: დავით და კონსტანტინეს, პეტრე იბერის, ჩელუსკინელების, რუის, ვოიკოვის, მოსაშვილის, გაბაშვილის.
      მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, როდესაც ქუთაისის ქუჩებისათვის სახელწოდების მიცემა დაიწყეს, აღნიშნული ქუჩა უკვე რიონის ქუჩის სახელწოდებით იქნა ცნობილი, ასეა იგი მოხსენიებული 1885 წლის 10 აპრილის ქუთაისის ერთდღიან აღწერილობაში. შემდეგ მას უკვე ფერმის ქუჩა დაერქვა და ასე ეძახდნენ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე.
      1921 წლის 5 მაისს ქუთაისი რევკომის სხდომამ განიხილა ქალაქის ზოგიერთი ქუჩის სახელწოდების გადარქმევის საკითხი. აღნიშნულ სხდომაზე გადაწყდა ფერმის ქუჩას დარქმეოდა არ. ჯორჯაძის ქუჩა. ქუჩა კარგა ხანს ატარებდა აღნიშნულ სახელწოდებას, 1937 წლის 14 ივნისს ქუთაისის საბჭოს პრეზიდიუმის სხდომამ გადაწყვიტა ქუჩას შეცვლოდა სახელი და მისთვის ვოროშილოვის სახელი ეწოდებინათ. ასე იწოდებოდა იგი, ვიდრე მას 1975 წელს კ. ლესელიძის ქუჩა არ დაერქვა, ხოლო 1989 წელს ჭომის დასწყისიდან სასტუმრო ხვამლამდე ტერიტორიას მიენიჭა არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინეს (მხეიძეების) სახელი.
      ჭომის მთავარი მაგისტრალი კვლავ ლესელიძის ქუჩად არის წოდებული.
      ლესელიძის ქუჩიდან რომ პეტრე იბერის ქუჩისაკენ აუხვევთ, ამ ქუჩის 1 ჩიხის #20 სახლის ფასადზე მემორიალური დაფა იყო და არის,აღნიშნული სახლი რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთ ისტორიულ ძეგლს წარმოადგენდა. აი, რას ამბობდა ცნობილი რევოლუციონერი მ. დავითაშვილი 1939 წელს გამოქვეყნებულ წერილში: „ჯაჭვის ხიდიდან წყნარი, ვიწრო, გაუვალი ქუჩა მიდიოდა ქალაქის გარეუბნისაკენ, მარცხნივ უქიმერიონის მთის ფერდობზე წრის წევრები ბილიკით მიემართებოდნენ პატარა სახლისაკენ, რომელშიც ცხოვრობდა მესაათე იოსებ გვეტაძე. აქ, ამ სახლში სტალინი ატარებდა ქუთაისის მუშათა სოციალურ-დემოკრატიული წრეების ხელმძღვენელთა არალეგალურ კრებას. ამ წრეს მასინ უწოდებდნენ „ორგანიზატორთა წრეს“. იმ ოთახში, სადაც ტარდებოდა კრებები, სუფრაზე გაშლილი იყო ვახშამი და რომ რაიმე მომხდარიყო, ძნელი იყო იმის მიხვედრა, რომ იქ ტარდებოდა არალეგალური კრება.
       გვეტაძის სახლში ტარდებოდა დისკუსიები მენშევიკების წინააღმდეგ.  აღნიშნულ ამბავს ადასტურებდა 1988 წელსამ ოჯახში მცხოვრები დიასახლისი ელენე ბერუჩაშვილი.
      არაერთ ტკბილ მოსაგონარს ინახავს ბოტანიკური ბაღის წინ, გზის პირას ამაყად შემართული ძელქვები, ახსოვს ამ უბანს 1864 წელს ქუთაისში მყოფი სამსახურებრივი საქმეებისაგან დაღლილი და ბუნების წიაღში დასასვენებლად გამოსული ილია ჭავჭავაძის თითქმის ყოველდღიური სტუმრობა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც ილია ჭავჭავაძე გამოვიდოდა, ჭომის შესასვლელთან მსხდომი ხელოსნებისათვის ცნობილი, რომ დღის 1 საათი იყო და შესვენებისათვის მუშაობას წყვეტდნენ. ახსოვს 1912 წელს რაჭა-ლეჩხუმისაკენ დაძრულ აკაკი წერეთელს, სპირიდონ წერეთლის ეზოში, გულუხვმა მასპინძლებმა რა დიდებული საუზმე გაუმართეს დიდ მგოსანსა და მის თანამგზავრებს, ახსოვს ჯაჭვის ხიდიდან ბაგრატის ქუჩის გავლით, ზედ არქიელის გორამდე გავსებული ზღვა ხალხი როგორ მიაცილებდა გაბრიელ ეპისკოპოსის კუბოს ახსხოვს პატარა კონსტანტინე გამსახურდია.

     ჭომა დღეს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ძველი და მიმზიდველი კუთხეა.  

No comments:

Post a Comment